ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს, რომლის ცხედრის დაბრუნებას ოჯახი უკვე მეცხრე დღეა ელოდება, მისი კლასელი და მეზობელი გალინა ჯარმელიშვილი იხსენებს.
აჩიკო და გალინა მეზობლები იყვნენ სოფელ ყანჩავეთშიც და 2008 წლის ომის შემდეგ - უკვე წილკანში, დევნილთა დასახლებაში. გალინა ახლა რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს აჩიკოს, რომელსაც, მისი სიტყვებით, საკუთარი ძმისგან ვერ არჩევდა. ყველასთვის ასეთი იყო, მეზობლებისთვისაც და მეგობრებისთვისაცო, ამბობს:
„გვერდში დგომა იცოდა ისეთი, გაჭირვებას არ გაგრძნობინებდა. მამა რომ გარდაგვეცვალა, ისე დაგვიდგა გვერდში მე და ჩემ ძმას, როგორც საკუთარი დედმამიშვილი და ახლა, როცა მის ოჯახს უჭირს, როცა მას ასეთი უბედურება დაატყდა თავს, ჩვენ ვერაფრით ვეხმარებით, ვდგავართ და ველოდებით და ასე დაველოდებით, სანამ აჩიკო სახლში არ დაბრუნდება. ის მარტო თავისი ოჯახის ტკივილი არ არის. მთელი სოფლის და მთელი ქვეყნის ტკივილია. მთელი სოფელი ელოდება მის სახლში დაბრუნებას“.
„ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილი“, - ასე მოიხსენიებს 34 წლის არჩილ ტატუნაშვილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი იმ განცხადებაში, რომელიც უწყებამ 23 თებერვალს გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით დააკავეს ის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში. განცხადებისავე თანახმად, ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას დაკავებულმა ბადრაგს პისტოლეტი წაართვა, მისი განიარაღებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განეიტრალების მიზნით კი უშიშროების კომიტეტის წევრებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს. თუმცა მოგვიანებით უშიშროების კომიტეტმა ინციდენტის გარემოება გარკვეული შესწორებებით აღწერა. კერძოდ: ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს არჩილ ტატუნაშვილმა სცადა ერთ-ერთი თანმხლების იარაღს დაუფლებოდა, რაც ფიზიკური ძალითა და სპეცსაშუალებებით იქნა აღკვეთილი. ამის შემდეგ, ცხინვალის უშიშროების კომიტეტის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა, კიბეზე დაეცა, ცხინვალის საავადმყოფოში მიყვანისას კი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
წყარო: რადიოთავისუფლება