მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე,
2001 წლის 26 ივლისს ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა):
"პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნა პირველადი ინფორმაცია, მოხდა გასაუბრება მსჯავრდებულ კ. ც-სთან, მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებთან. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა საქმეზე ადგილი ჰქონდეს ახლადგამოვლენილ გარემოებებს, გაჟღერებული ინფორმაციის ობიექტურად და სრულყოფილად გადამოწმების მიზნით, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
ჟურნალისტ გ. ს-ს მკვლელობის ფაქტზე, 2001 წლის 05 დეკემბერს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა მოქალაქე გ. ხ., რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 09 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. განაჩენი განზრახ მკვლელობის ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ".