ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის ოთახი ჩახერგილი ჰქონდათ, ფოიეში გადაინაცვლეს და აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან,
სანამ საკრებულოს მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტს არ ნახავენ.
ამასთან, მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ droa.ge წერს.
ისინი ითხოვენ, რომ საკრებულომ დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილება მერიაში დღესვე გააგზავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობას არ დატოვებენ.
საკრებულოს აპარატში კი ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზე 30 საკითხი იყო დამტკიცებული და დოკუმენტს ფიზიკურად დღეს ვერ გააგზავნიან.
მანამდე ბორჯომის საკრებულოს 17–მა დეპუტატმა, რომელთა შორის, 13 „ქართული ოცნების“ წევრი იყო, სხდომა გამართა და ბორჯომის მერიის გაზრდილი სახელფასო ოდენობები დაამტკიცა.
დღეს ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ბოლო შემთხვევა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ პირებს შორის იყო.
საკრებულოში სხდომა დღისითაც გაიმართა, თუმცა ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების გამო ხელფასების საკითხი ვერ დაამტკიცეს.
შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.