„პროკრედიტბანკი” მიკრო ბიზნესზე კრედიტებს აღარ გასცემს. ამის შედეგად მან მომხმარებლების 50%-ზე
მეტი დაკარგა. ბანკი მთლიანად მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე გადაერთო.
ბანკის დირექტორის ალექს მატუას თქმით, სტრატეგიის ცვლილებამ გაამართლა და რისკების შეფასების და რესურსების ოპტიმიზაციის შედეგად, ბანკის საკრედიტო კაპიტალი 2017 წელს 15% -ით გაიზარდა, ხოლო მოგებამ 20 მილიონ ლარს გადააჭარბა.
მიკრო სეგმენტის მომსახურებისთვის ბანკი მაღალ პროცენტს იღებდა, თუმცა, ამ კატეგორიის კლიენტები რისკებსაც ქმნიდნენ. ბანკის მენეჯმენტის შეფასებით, მიკრო მომხმარებლები ბანკიდან სესხებს უმეტესად საკუთარი ოჯახის საჭიროებისთვის იღებდნენ და საკუთარი ბიზნეს-საქმიანობის განვითარებას ვერ ახორციელებდნენ. სტრატეგიის შეცვლის შემდეგ ბანკი აქცენტს იმ მცირე და საშუალო ბიზნესზე გააკეთებს, რომლებსაც ზრდის პერსპექტივა და მომავლის სწორი ხედვა აქვს. ასეთ სეგმენტად ისინი წარმოების და მომსახურების სფეროს მიიჩნევენ და დაკრედიტებისას უპირატესობას ამ სეგმენტის ბიზნესს მიანიჭებენ. ბანკი ასევე, თავის იკავებს ვაჭრობის სფეროს დაკრედიტებისგან, რასაც ასევე რისკიან სეგმენტად მიიჩნევს.
მიკრო-სეგმენტიდან გამოსვლის შემდეგ ბანკი სესხებს ასევე ნაკლებად გასცემს აგროსექტორზე.