დღეს წმინდა დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეა. დავით ბაგრატიონი დაიბადა 1073 წელს. ხოლო გარდაიცავალა 1125 წლის 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს).
1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იგი დაიბადა 1073 წელს, მეფე გიორგი მეორის ოჯახში, ბაგრატიონთა დინასტიიდან.
დავით აღმაშენებელმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებული ქართველმა მონარქმა მოახერხა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა.
პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.
დავითი აღზარდა მეუფე ჭყონდიდელმა, რომელიც მეფისათვის უძვირფასესი ადამიანი გახლდათ.
დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიო მღვიმეში.
დავით აღმაშენებელმა თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა.
დავით აღმაშენებელი 1125 წელს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეფე მისი ანდერძის თანახმად გელათის მონასტერში დაკრძალეს, რათა მომლოცველებს მის საფლავზე დაედგათ ფეხი. შესასვლელში ისეა დადებული, რომ ყველა შემსვლელი იძულებულია მასზე გაიაროს.