თბილისის მე-3 საბავშვო ბაღში, ვერაზე, გოგებაშვილის 39 ნომერში ერთმანეთს ძიძა და მშობელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ალია" ავრცელებს.
"ალია" თბილისის მე-3 საბავშვო ბაღის ყოფილ დირექტორს, თათია ვაჭრიძეს ესაუბრა:
- როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ძიძამ სცემა ერთ-ერთი ბავშვი - ორი კვირის წინ. მშობელმა ჩააყენა დირექცია საქმის კურსში - ასეთი მოძალადე ძიძა, არ შეეშვათ მისი შვილის ჯგუფში. ძალადობის შემთხვევაში ასეა - შინაგანაწესის მიხედვით, სამსახურს ტოვებს მოძალადე ძიძა. როგორც ირკვევა, ადმინისტრაციის მხრიდან არ გატარდა შესაბამისი ზომები, არ ჩატარდა მუშაობა არც მშობელთან, არც ძიძასთან... როცა ასეთი რამ ხდება, ან ბავშვს უცვლიან ჯგუფს, ან მშობელს და ძიძას აახლოებენ ერთმანეთთან. რაღაც ზომებს იღებენ, მოკლედ... დირექტორს უთქვამს - მე ახლა შვებულებაში გავდივარ, 12 თებერვლის მერე გამოვალ და მერე გავათავისუფლებო სამსახურიდან ამ ძიძას, მანამდე არ მცალიაო.
ორი კვირის შემდეგ, ანუ დღეს, ეს მშობელი მივიდა საბავშვო ბაღში და ეს ძიძა ისევ მისი შვილის ჯგუფში დახვდა ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში. ამას მოჰყვა კონფლიქტი - შენ ისევ აქ ხარ? და ა.შ. რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება ამ ძიძასა და მშობელს შორის და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ეს მშობელი გადაყვანილია პოლიციაში, ხოლო ძიძა ნიუჰოსპიტალსში.
- მშობლის პროვოცირებული ხომ არ იყო დაპირისპირება?
- არ შევსწრებივარ ფაქტს, მაგრამ პროვოცირებული ძიძის მხრიდან იყო მოსალოდნელი, მისი აგრესიულობიდან გამომდინარე. სააგენტოც ყოფილა მისული - აწი აღარ იმუშავებს ეს ძიძა ამ ბაღშიო.
- როგორ მოხვდა ეს ქალბატონი საბავშვო ბაღში?
- როდესაც მე ვიყავი ამ ბაღის დირექტრი, ეს ქალბატონი არ მივიღე სამსახურში. მშობელს, მანამდეც 2 ბავშვი დაჰყავდა ჩემთან ბაღში და მქონდა მასთან შეხება. ძალიან აქტიური დედა იყო და ყოველთვის აქტიურად ჩართული შვილების აღზრდის საკითხში.