საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკონსულო დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, საკონსულო მუდმივ კავშირში იმყოფება, როგორც დაკავებულებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.
უწყების განმარტებით, პროცესში ერთდროულად არის ჩართული როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ასევე საქართველოს მისია გაერო-ში, საქართველოს საელჩოები ეგვიპტეში, თურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში.
”ამასთან, ქართველი მეზღვაურების ჰუმანიტარული პირობების უზრუნველსაყოფად საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა ლიბიაში უნგრეთის, თურქეთისა და იტალიის საელჩოებს. თურქულმა მხარემ ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე დაკავებულები წყლითა და საკვებით მოამარაგა, მათ შორის ერთ-ერთ დაკავებულს აღმოუჩინა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და პატიმრების მდგომარეობის თაობაზე სისტემატიურად ვიღებთ, როგორც ეგვიპტეში საქართველოს საელჩოდან, ასევე ლიბიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან, უშუალოდ დაკავებულებისა და პროცესში ჩართული ადვოკატისგან. დაკავებულების ინტერესებისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეარჩია ადვოკატი, რომელმაც ჩაატარა შესაბამისი ქმედებები: გაეცნო საგამოძიებო მასალებს, რამოდენიმეჯერ მოინახულა დაკავებულები, მათი დაცვის მიზნით ჩაატარა კონკრეტული ქმედებები და ამ დრომდე აქტიურად არის ჩართული პროცესში.
საქართველოს საელჩომ ეგვიპტეში აღნიშნულის თაობაზე ასევე მოითხოვა შეხვედრა ლიბიის ხელმძღვანელობასთან. ხაზგასასმელია, რომ ლიბიაში ამ დრომდე რჩება რთული სამხედრო პოლიტიკური ვითარება, რაც ართულებს მათ შორის საქართველოს მოქალაქეების საგამოძიებო პროცესის დროულ და ეფექტურ წარმართვას, მაგრამ მიუხედავად არსებული ვითარებისა, ვიყენებთ ყველა ბერკეტსა და შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით”,- განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.