44 ქვეყანის 7 ათას კომპანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმძღვანელი თანამდებობის მხოლოდ 15% უკავიათ.
კვლევა კონსალტინგურმა კომპანია Deloitte-მა ჩაატარა, რომელმაც შეისწავლა, თუ რამდენი ქალი მუშაობს ხელმძღვანელ პოსტზე მსოფლიოს მასშტაბით.
კვლევის თანახმად, ლიდერი ქალები მისაბაძი მაგალითია სხვა ქალებისა და გოგოებისათვის. თუმცა არსებობს თეორია, რომ ხელმძღვანელი ქალები ქალ თანამშრომლებს საფრთხედ აღიქვამენ და დაწინაურებაში ხელს უშლიან. ამ თეორიას ფუტკრის დედოფლის სინდრომი ჰქვია და მოვლენა პირველად მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა 1973 წელს აღწერეს.
სწორედ ამ სინდრომს უკავშირებდნენ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე პირველი ქალის, მარგარეტ ტეტჩერის ქცევას, რომელიც თავისი კაბინეტის წევრ ქალებს კარიერულ წინსვლაში ხელს არ უწყობდა.
მეცნიერები ხელმძღვანელი ქალების ამ სინდრომს რამდენიმე მიზეზით ხსნიან: ერთ-ერთის თანახმად, ყველაფერში დამნაშავე ევოლუციაა. განსხვავებით კაცებისაგან, ქალებისთვის უჩვეულოა შეკრული და მტკიცე კოლექტივების ჩამოყალიბება, რაც სათავეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს, როდესაც ქალებს უწევდათ ბრძოლა თავისი კაცებისთვის და რესურსებისთვის, რომ შთამომავლობა აღეზარდათ.
არსებობს საპირისპირო აზრიც, რომ ევოლუცია არაფერ შუაშია და ყველაფერი კაცების მხრიდან დისკრიმინაციის ბრალია, კერძოდ გენდერული უთანასწორობის და კაცების მხრიდან სექსისტური დამოკიდებულების; რომ ქალები ამ დროს ცდილობენ საკუთარ სქესის წარმომადგენლებისგან გამორჩეულები იყვნენ და ემიჯნებიან მათ. ასეთი ქალებისგან ხშირად ისმის ისეთი ფრაზა, როგორიცაა მაგალითად, “მე არ ვგავარ სხვა ქალებს, მე მეტი ამბიცია მაქვს”.
მეორე თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს კლევა, რომელიც 2015 წელს კოლუმბიის და მერილენდის უნივერსიტეტების ბიზნეს-სკოლებმა ერთობლივად ჩაატარეს 1,5 ათას უმსხვილეს ამერიკულ კომპანიასთან ერთად. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რატომ რჩებოდნენ ხელმძღვანელ პოსტებზე უმრავლეს შემთხვევაში კაცები და ქალი უფროსების რაოდენობა რატომ არ იზრდებოდა. აღმოჩნდა, რომ ქალ თანამშრომლებს უფრო სწრაფად აწინაურებდნენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ქალის დანიშვნის შემთხვევაში, ხოლო თუ უფროსი კაცი იყო, ის კარიერული წინსვლის საშუალებას მხოლოდ ერთ ქალს აძლევდა და მეორე ქალის დაწინაურების შანსი 51%-ით მცირდებოდა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში დასაქმებული ქალების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა მაღალ თანამდებობებზე ისევ ცოტა ქალი მუშაობს.