პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისა და ძებნილი არასრულწლოვნის მასწავლებლის თქმით, არ შეიძლება მარტო ორზე გადატეხონ ჯოხი.
პირველ არხთან საუბრისას, ბრალდებულების პედაგოგი მოსწავლეებს დადებითად ახასიათებს.
„ველაპარაკე იმ ბავშვის დედას, რომელსაც ამ დროისთვის ეძებენ. გაგიჟებული იყო, ბავშვი სახლში არ არისო. ეს ბავშვები შვილებივით მყავდა გაზრდილი. ბავშვი შეიძლება შეშინებულია და იმიტომ იმალება.
დაკავებული ამბობს, რომ დამნაშავე არ არის, დანა მქონდაო, მაგრამ საიდან ჰქონდა ვინ იცის, შესაძლოა, იქვე მისცეს. ის რომ სკოლაში დანა ჰქონდა, გამორიცხულია.
ძებნილიც ერთი კარგი ბიჭია, მრავალშვილიანი ოჯახის შვილია, და-ძმებს მშობლებივით პატრონობს.
არ ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები დამნაშავეები არიან. ასე მარტო ორზე გადატეხონ ჯოხი არ შეიძლება, თვითმხილველების თქმით, იქ ხომ 50-ზე მეტი ბავშვი იყო“,- განაცხადა მასწავლებელმა.
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლე ცივი იარაღით 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - 2 დეკემბერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამ საქმეზე 1 მოზარდი მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.