დემირელის კოლეჯში არსებული დარღვევების გამო, შესაძლოა კონკრეტული პირების მიმართ სისხლის
სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში დემირელის სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძის თქმით, დოკუმენტაცია შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ. სანიკიძე დასძენს, რომ ის დარღვევები, რაც კოლეჯში ფიქსირდებოდა გამოსწორებას არ ექვემდებარება, რადგან საქმე დანაშაულებრივ ქმედებასთან გვაქვს:
"აქ საუბარია ძალიან სერიოზულ გადაცდომებზე. ავტორიზაციის საბჭოს მიმდინარეობისას, სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ არ იზიარებს პასუხისმგებლობას და მიუთითებს დამფუძნებელზე, რომელიც უხეშად ერეოდა სკოლის საქმიანობაში. სწორედ ისინი აიძულებდნენ მას რომ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე, რომელიც ემსახურება განათლების აღიარებას ძალიან ბევრი მოსწავლისთვის", - აცხადებს სანიკიძე.
მისი თქმით, სკოლის შემოწმება წინა წელსაც იგეგმებოდა, თუმცა ადმინისტრაციამ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა, რადგან განაცხადეს რომ სკოლის საბუთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობდა. ამასთან, სანიკიძე პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს.
ახსნა განმარტებების მიუხედავად, სკოლის მოსწავლეთა მშობლები მაინც გეგმავენ 5 აგვისტოს განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვას.
თბილისში დემირელის სახელობის კერძო სკოლა 30 აგვისტოს დაიხურა. სასწავლო წლის დაწყებას დაწყებას 300-ზე მეტი მოსწავლე ელოდებოდა.