საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში
სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი “წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” გააცნო.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებსა და უფროსკლასელებთან საუბრისას ყურადღება კონსტიტუციის ძირითად ღირებულებებსა და მათი დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა. ასევე, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
„დემოკრატიული საზოგადოების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა მოქალაქე პოლიტიკოსია, იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფლება მოდის და ხორციელდება თქვენი და თქვენი თანატოლების, თანამოქალაქეების გადაწყვეტილების ხარჯზე, როცა ჩვენ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში, ძალიან ცოტა ბედავდა, რომ განსხვავებულად ეაზროვნა იმიტომ, რომ ის იყო ტოტალიტარული სახელმწიფო. დღეს თქვენ ცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, და არ არსებობს მოქალაქე, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, რომელიც არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. თითოეული ის ადამიანი, ვისაც თქვენ დაელაპარაკებით და ვინც თქვენ გეტყვით, რომ მე კონსტიტუცია არ მაინტერესებს, რეალურად უარს ამბობს იმაზე, ვინც თვითონ არის, საქართველოს მოქალაქეობაზე, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მონაწილეობთ, რომ ამ ძალიან ამაღელვებელ და მნიშვნელოვან ფრაზას “ჩვენ საქართველოს მოქალაქენი„ რეალობად აქცევთ, ეს არის ის თავისუფალი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ ახორციელებთ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ბაზალეთის საზაფხულო სკოლა პროექტის “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი” ფარგლებში ფუნქციონირებს, რომელსაც მოძრაობა “ინიციატივა” ახორციელებს. ფინანსურ მხარდაჭერას კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უწევს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი.