მსჯავრდებულ პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრებმა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში აქცია
გამართეს. აქციის მონაწილეები ნანეიშვილის საქმის ხელახალ გამოძიებას და საქმეში გენინსპექციის ჩართვას ითხოვენ. პატიმრის მამა თამაზ ნანეიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი 55-ე დღეა შიმშილობს და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აქციის მონაწილეებს ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდა, რომელიც ოჯახს სამართლებრივად საქმის შესწავლას დაჰპირდა.
თამაზ ნანეიშვილის ოჯახმა ხელისუფლებას ვადა საღამომდე მისცა, იმ შემთხვევაში კი, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოჯახი ხვალიდან პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავს.
პაპუნა ნანეიშვილი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით არის გასამართლებული. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.