საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს, რომლის მიხედვით
ეს უნიკალური კორორტი დამსვენებლებს ოთხივე სეზონზე მოემსახურება.
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ახალი ქალაქთმშენებლობითი გეგმა თანამედროვე ხედვებსა და მიდგომებს ითვალისწინებს, რაც კურორტის სწორი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი ტურისტული და სპორტული პოტენციალი გააჩნია და თუ ეს პოტენციალი ბოლომდე იქნება ათვისებული, იგი წამყვან ევროპულ კურორტებსაც კი გაუწევს სრულფასოვან კონკურენციას.
„ბახმაროს გურიისთვის არა მხოლოდ საკურორტო, არამედ ისტორიული მნიშვნელობაც აქვს.
ბახმარო არის გურიის სიმბოლო და ამით ყველა გურული ამაყობს. ჩემთვის საამაყოა, რომ მისი განვითარების გეგმის დამტკიცება ჩემი დეპუტატობის დროს მოხდა და ეს მომცემს საშუალებას გაცილებით მეტად ჩავერთო ამ პროექტში“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №317 განკარგულების "ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე.
კონკურსში კომპანია - შპს ,,არტსტუდიო-პროექტმა" გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა შეისწავლეს დასაგეგმარებელი ტერიტორიები, ასევე პანორამული გადმოსახედი ადგილები ზონირებისა და განაშენიანების რეგულირების კონტექსტში შეაფასეს. პარალელურად, მოახდინეს წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტრასების, გაუკვალავ თოვლში სრიალის (ჰელისკის) და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების შეფასება.