შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს
თანამშრომლებმა, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1994 წელს დაბადებული თ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის მის წინ, მისივე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, 1992 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე, სადაც ორ ქვეითს - 1972 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
საპატრულო პოლიციამ თ.ტ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ამავე თემაზე: აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა