მუსიკოსი ბერა ივანიშვილი შარდენზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას
სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მას მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.
ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს.
„მოგესალმებით ყველას, მინდა პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს... მომხდართან არც მე და არცერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს.
მუდამ თქვენი
ბერა“, - წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შარდენზე, ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება ბერა ივანიშვილმა მოითხოვა, რასაც პოლიციელები არ დაემორჩილნენ.
წიკლაურის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ინცინდენტის გამო, პოლიციის ცხრა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.