თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ რჩებიან სავაჭრო ცენტრ
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები დედაქალაქის მერიასთან.
„თბილისის მერია იღებს მხოლოდ განცხადებას იმისთვის, რომ იყოს ინფორმირებული ქალაქში გასამართ სხვადასხვა საპროტესტო აქციებთან თუ ღონისძიებასთან დაკავშირებით. სხვა რაიმე წერილობითი ნებართვა, თანხმობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის მერიისგან არ გაიცემა. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ რჩებიან ისინი თბილისის მერიასთან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, თბილისის მერია ის უწყება არ არის, რომელიც კარვების გასაშლელად რაიმე ოფიციალურ ნებართვას გასცემს.
„ამ ქვეყანაში სიტყვის და აზრის გამოხატვა თავისუფალია. ბოლო 4-5 წელია ეს ასეა, მას მერე, რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები თბილისის მერიასთან არიან შეკრებილი და მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გასაშლელად, მერიისგან ნებართვას ითხოვენ.