დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს იმ შემთხვევაში, თუ გაუთქმელობის დოკუმენტს
ხელს არ მოაწერს, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
საგამოძიებო უწყებამ მას საქმის სხვა ორი ადვოკატის მსგავსად, დოკუმენტზე ხელის მოწერა მოსთხოვა, რაზეც ადვოკატი ამ დრომდე უარს აცხადებს.
„გამომძიებელმა მითხრა, რომ თუ არ შევასრულებდი აღნიშნულ მოქმედებას და ხელწერილს არ დავწერდი, შესაძლებელი იყო და კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ანუ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ვუთხარი, რომ ნება მათია. შენიშვნის სახით დავუწერე ოქმზე, რომ არ ვაწერ ხელს, სანამ საგამოძიებო უწყებიდან საქმის სრულყოფილი მასალები არ მექნება გამოთხოვილი, რაც დღემდე არ გამაჩნია“, - განაცხადა რამიშვილმა.
რაც შეეხება მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ დეკანოზს, ადვოკატის თქმით, ის დანაშაულს არ აღიარებს და მის ბარგში ციანიდის არსებობასაც უარყოფს.
„ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება ნივთის არსებობას, ჰქონდა თუ არა, მისი განცხადებით, არ ჰქონია და შესაბამისად, იმ ბარგის ჩხრეკის პერიოდიც ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს“, - აცხადებს ადვოკატი.
მამა გიორგი მამალაძე კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება, რომელიც კლინიკაში სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გადაიყვანეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული.