მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში
მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე საზოგადოებისგან მადლობას იმსახურებს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი მამალაძემ ჩაიდინა ის, "რაც უნდა ჩაიდინოს ყველა კეთილსინდისიერმა ადამიანმა".
"მინდა ყველას შევახსენო, ირაკლი მამალაძემ ჩაიდინა ის, რაც უნდა ჩაიდინოს ყველა კეთილსინდისიერმა ადამიანმა. დანაშაულის ფაქტის შესახებ უნდა შეატყობინო სამართალდამცავ ორგანოებს, რაც გააკეთა ირაკლი მამალაძემ. მისი დახმარებითა და ძალისხმევით, აღკვეთილ იქნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს შედეგის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს პიროვნება საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან მადლიერებას იმსახურებს", - განაცხადა ვასაძემ.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.
მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
ამავე თემაზე: მამუკა ვასაძე: ერთი პირი, რომლის სავარაუდო მკვლელობა იგეგმებოდა, იდენტიფიცირებულია და შესაბამის დოკუმენტებში მითითებულია