მოძრაობა „მწვანე მუშტი“ გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაძლო დახურვის წინააღმდეგ
გამოდის და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციას გეგმავს.
როგორც „მწვანე მუშტში“ აცხადებენ, „რეალური სივრცე“ ერთადერთი საზოგადოებრივი გადაცემაა, რომელიც იმ სოციალურ ჯგუფებს ეთმობა, რომელსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
„ინფორმაცია გავრცელდა, რომ ტელეგადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვა იგეგმება. „რეალური სივრცე“, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთადერთი საზოგადოებრივი გადაცემა იყო. სივრცე, რომელიც ჩვენი საზოგადოების იმ სოციალურ ჯგუფებს ეთმობოდა, რომლებსაც დახმარება, ყველაზე მეტად სჭირდებათ. იმ ადამიანებს, რომელთა ხმაც საზოგადოებაში არ ისმის, საზოგადოებრივ აქტივიზმს, რომელიც სოციალური პროგრესისკენ არის მიმართული.
მივიჩნევთ, რომ „რეალური სივრცის“ დახურვა მხოლოდ ერთი გადაცემის არსებობის შეწყვეტა არ იქნება, არამედ ეს საზოგადოებაში მყოფი ჩაგრული ჯგუფებისა და ადამიანებისათვის ხმის წართმევა, საზოგადოებაში მიმდინარე რეალური პროცესების გაშუქების შეწყვეტა იქნება, რომ მედია სივრცეში ადგილი არ იყოს ხალხისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი იმ ერთადერთ გადაცემას დაკარგავს, რომელიც მას ლეგიტიმაციას სძენს საზოგადოებრივად იწოდებოდეს.
მივიჩნევთ, რომ „რეალური სივრცე“ საქართველოს, ქართულ მედიას, ადამიანებს სჭირდება.
მოგიწოდებთ ყველას, ვისაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რეალური ინფორმაციის წყაროს, ხალხის ხმის შენარჩუნება გადარდებთ, 5 თებერვალს, 18:00 საათზე, პირველი არხის შენობასთან შევიკრიბოთ“, - აცხადებენ „მწვანე მუშტში“.
ამავე თემაზე: ზაუტაშვილი: თუ „რეალურ სივრცეს" პრობლემები შეექმნება, გადაცემა იმ ფანჯარას მონახავს, საიდანაც საზოგადოებას მიწვდება