დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა დადგინდება, მერიაში მოვაჭრეთა მდგომარეობის შემსუბუქების გზებს გამონახავენ.
როგორც თოქ-შოუ „პრიორიტეტში" ლექვინაძემ აღნიშნა, მერიას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ზარალის სრული კომპენსირება შეძლოს.
მისივე თქმით, სპეციალისტების დასკვნაზეა დამოკიდებული, შენობის დემონტაჟი როდის განხორციელდება.
„შენობაში შესვლა სარისკოა. ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე. პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლეზე გვეკისრება ყველას. თუ მივცემთ სპეციალისტებს მუშაობის საშუალებას, შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ რაღაც ფორმით, დაზარალებულებს ნივთების ნახვის საშუალება ჰქონდეთ.
დღესაც იყვნენ იქ ექსპერტები, ხვალაც იქნებიან და რაც შეიძლება მალე უნდა მოხერხდეს დემონტაჟი. მესმის რომ საქმე ქონებასა და ცხოვრებისთვის საარსებო პირობებს ეხება. არავისთვის არ არის სასიამოვნო თუნდაც ერთი ლარის დაკარგვა. ნივთებს აუცილებლად გამოიტანენ იმ შესაძლებლობების პირობებში, როდესაც უსაფრთხოების პირობები მაქსიმალურად დაცული იქნება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.