პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას ერთმანეთთან განსაკუთრებულად ახლო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და იმედი გამოითქვა, რომ ამ ურთიერთობის გაღრმავებაში თავის წვლილს მე-9 მოწვევის პარლამენტიც შეიტანს.
„როგორც პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მსურს, კარგი ურთიერთობა დავამყაროთ საქართველოს პარლამენტთან, როგორც ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტთან, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად დემოკრატიულს ხდის და რითაც ევროპულ ქვეყნებთან უფრო მეტად აახლოებს“, - განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა შეხვედრის შემდეგ.
მარიუშ მაშკიევიჩმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთობა სამაგალითოა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება. ელჩისავე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დადასტურებას წარმოადგენს.
„შეხვედრაზე პოლიტიკურთან ერთად, სხვადასხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ, მათ შორის ეკონომიკური ურთიეთობის განვითარების პერსპექტივებზე. მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე. საქართველოს პარლამენტში, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს მე ვუხელმძღვანელებ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობა საკმაოდ მჭიდროა, მყარ საფუძველზე დგას და სამომავლო პერსპექტივებიც აქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ.
გიორგი ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტებში მეგობრობის ჯგუფების შექმნა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.