ესპანელმა სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს,რის შედეგადაც, ბინების ძარცვაში
ეჭვმიტანილი საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავეს.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დასახლება - ბარაკალდოში ჩატარდა.
საქართველოს მოქალაქეებს ასობით ბინის ძარცვაში ადანაშაულებენ. დაკავებულია ასევე ესპანეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც გამოძიების ვერსიით, მძარცველებს მოპარული ძვირფასეულობის გაყიდვაში ეხმარებოდნენ.
დაკავებულებს, ძარცვის გამო, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის გათეთრების მუხლით.
„დოიჩე ველეს“ განცხადებით, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეზე, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ე.წ. კანონიერ ქურდად მიიჩნევს და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერად განიხილავს.
ესპანელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის იტალიაში იმყოფება.