განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ის ახალ „კომბლეზე“ ოცნებობს,
რომელსაც თუ ცხვარი დაეკარგა, საკითხს კომბლით არ მოაგვარებს და მგელს დაელაპარაკება.
ამის შესახებ ჯეჯელავამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვოცნებობ ახალ "კომბლეზე", რომელსაც ზღაპრის დასაწყისში 200 ცხვარი ჰყავს, დასასრულს კი - 220, მთელი დღე კომბლებს კი არ თლის, რამდენიმე კომბალი აქვს, შრომობს და ცხვარს უვლის. თუ მისი ცხვარი დაიკარგა, კომბლით კი არ მოაგვარებს საკითხს, მგელი იქნება თუ ცხვარი, დაელაპარაკება - დაანებე ამ ჩემს ცხვარს თავი და თუ გშია, მოდი და გაჭმევო. ეს არის 21-ე საუკუნის მიდგომა. "კომბლე" იქნება, "ნაცარქექია" თუ "რწყილი და ჭიანჭველა", განვითარება აუცილებელია და პრობლემების მიზეზიც უნდა დავინახოთ“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
მისი თქმით, საზოგადოებას ისეთი ზღაპრის გმირები სჭირდება, რომლებიც სახლს სხვებს არ ართმევენ და მიზანს საკუთარი შრომით აღწევენ.
„საზოგადოება წუხს, რომ მათი შვილები წიგნებს არ კითხულობენ. უკაცრავად, რომელიმე ზღაპრის გმირი კითხულობს წიგნებს, რომ ბავშვმაც იფიქროს - აი, ჩემი გმირი კითხულობს და მეც მივბაძავო? ან რომელი შრომობს მუხლჩაუხრელად?
ჩვენ გვჭირდება ზღაპრის გმირი, რომელიც სახლს სხვას კი არ ართმევს, მიზანს საკუთარი შრომით აღწევს და თუ სხვას ხელის გამართვა დასჭირდება, უანგაროდ დაეხმარება. საზოგადოებამ თავისი გმირები, მათ შორის ლიტერატურული, იმ საჭიროებებთან უნდა დააკავშიროს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. დღეს განსხვავებული საჭიროებებია, ვიდრე ორასი და სამასი წლის წინ ერს ჰქონდა“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრი ლევან ბერძენიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ ის „კომბლეს“ შემდეგ, „ვეფხისტყაოსანს“ დაიწუნებს.
„როდესაც ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში ეუბნებიან, რომ ლურჯი ტანსაცმელი უხდება, ერთ მშვენიერ დღესაც კი ვინმე ეტყვის, რომ ეს ფერი სულ არ უხდება, მისი პირველი რეაქცია აუცილებლად ნეგატიური იქნება. დღეს საზოგადოებაში ტაბუირებული საკითხებია. გვიყვარს ჩვენი კულტურა, ასეთებს შორის მეც ვარ, "ვეფხისტყაოსანს", პრაქტიკულად, ყოველდღე ვკითხულობ.
მადლობა ღმერთს, ლევან ბერძენიშვილმა რაც თქვა, გადამწყვეტი არ გახლავთ. ბერძენიშვილს ან ვინმეს თუ ჰგონია, რომ მას რაც უყვარს, ის უნდა მივაწოდოთ ახალგაზრდა თაობას, მცდარ აზრზეა. თუ განათლების საკითხი ამ მიდგომით განისაზღვრა, დაღუპული ვყოფილვართ“, - განაცხადა ჯეჯელავამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.