თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის
პირველი ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ოლღა ადუაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი და აღნიშნულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც კაპრალის სიცოცხლე ემსხვერპლა, მცხეთის შესასვლელთან მოხდა.
„მცხეთის შესასვლელთან პირველი ქვეითი ბრიგადის „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანა მცხეთიდან თბილისში, „გიგანტის“ დასახლებაში მდებარე უზრუნველყოფის ბატალიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ოლღა ადუაშვილი. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი სამხედროც დაშავდა, რომლებიც მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
„ამავე ქვედანაყოფის ორი სამხედრო დაშავდა. დაშავებული სამხედროები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემდეგი მკურნალობის კურსის ჩატარების მიზნით გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათში გადაიყვანენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამავე თემაზე: სამხედრო ავტომობილი მტკვარში გადავარდა - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მედდა