34 წლის ზიზი შეყელაძე, რომელიც გასულ თვეს ორთაჭალის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის
დროს დაჭრეს, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ტრანსგენდერ ქალთა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი, როგორც ტრანსგენდერი ქალების თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყელაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ტრანსგნდერი ქალების თემს და ზოგადად, მის მეგობრებს.
მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყელაძის საქმე უნდა გამოირჩეოდეს სამაგალითო დასჯის მექანიზმით, რათა მოხდეს საქმეზე სწორი სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში დანაშაულებისა და ტრანსფობიური გარემოს აღმოფხვრის პრევენციის მიზნით.
ასევე მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყელაძის საქმეზე სასამართლომ უნდა მოახდინოს შესაბამისი ადეკვატური რეაგირება და ბრალდებული პირი კანონით დადგენილ პასუხისგებაში მიეცეს, ხოლო სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ შესაბამისი გარემოებები გაითვალისწინოს და საქმეზე რელევანტური გადაწყვეტილება მიიღოს.
კიდევ ერთხელ, ორგანიზაციის წევრი ტრანსგენდერი ქალების თემის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თმის წევრის და მეგობრის ზიზი შეყელაძის გარდაცვალების გამო“, - ნათქვამია ტრანსგენდერ ქალთა ცენტრის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, 19 ოქტომბერს პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს ადვოკატი არ ჰყავდა, თუმცა ის პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა და სასამართლოს მისი გათავისუფლება გირაოს 1000 ლარის შეფარდების საფუძველზე მოსთხოვა.
ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს გასულ თვეს დაესხნენ. ის მძიმე მდგომარეობაში, ინგოროყვას საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.