შევარდენის რაგბის აკადემიის სტადიონზე სასკოლო რაგბის პროექტ "Get Into Rugby"-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც
საქართველოს რაგბის კავშირი კომპანია "ნატახტარის" მხარდაჭერით ახორციელებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას პროექტის დეტალები გააცნეს და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, რაგბის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაჭარავამ, კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, პრეზენტაციას მორაგბეთა ნაკრების წევრები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ამასთან, მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კომპანია ნატახტარის, რაგბის კავშირისა და ასევე ასოციაციის ხელმძღვანელებმა მოაწერეს, ასევე გაიმართა საჩვენებელი თამაში პროექტში ჩართულ ბავშვებს შორის.
პროექტის „ჩაერთე რაგბიში" მიზანია რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა. პროექტში 2017 წელს ჩაერთვება მთლიანობაში 169 სკოლა და გადამზადდება 300 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ 3500-ზე მეტ ბავშვთან. ამ ეტაპზე 150 სკოლა უკვე მონაწილეობს „ჩაერთე რაგბიში"-ის აქტვობებში და 86 პედაგოგმა გაიარა გადამზადების სრული კურსი. ამასთან, 20-მა ინსტრუქტორმა გაიარა სპეციალური ტრენინგი სპორტის მასწავლებლებთან სამუშაოდ.
პროექტის „ჩაერთე რაგბიში" ფარგლებში 2017 წელს თბილისის ყველა სკოლის მასშტაბით გაიმართება ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი". პროექტი „ჩაერთე რაგბიში" (Get into Rugby) „ევროპა რაგბის" რეკომენდაციითა და სტანდარტებით ხორციელდება.