ახალი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრთა პირველი ოფიციალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.
უმრავლესობის სხდომა 14:30 საათისთვის არის ჩანიშნული.
სხდომას პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.
მანამდე, პარტიის ცენტრალურ ოფისში "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შესახებ ისაუბრებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს, აღნიშნულ თანამდებობას, სავარაუდოდ, არჩილ თალაკვაძე დაიკავებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სავარაუდოდ, თამარ ჩუგოშვილი, ხოლო ერთ-ერთი სპიკერი გია ვოლსკი იქნება.
რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეებს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს სავარაუდოდ, აკაკი ზოიძე დაიკავებს, ხოლო მარიამ ჯაში განათლების კომიტეტს ჩაიბარებს.
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის თავმჯდომარედ კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სავარაუდოდ, დიმიტრი ცქიტიშვილი იქნება.
საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ სოფიო ქაცარავას კანდიდატურა განიხილება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კი, ეკა ბესელია უხელმძღვანელებს.
მმართველ პარტიაში საპარლამენტო და სამთავრობო ცვლილებების შესახებ კონსულტაციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.