
აზერბაიჯანულმა კომპანია „კონვენტ ჯორჯიამ“, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობას ახორციელებს, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გასულ წელს გაიმარჯვა.
მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ შვიდი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ, რაც 18 ათას ლარს შეადგენს. ისინი დახმარებას ბათუმის მერიას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოს მიმართავენ.
როგორც ირკვევა, აღნიშნულ კომპანიას ხელფასი არც ობიექტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის აქვს გადახდილი. სოციალური სახლის მშენებლობისთვის ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 4 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო.
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მერიამ აზერბაიჯანულ კომპანიას 1 643 785 ლარი გადაურიცხა, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოს შემდეგ არ გაგრძელებულა.
სატენდერო პირობების თანახმად, ტერიტორიაზე ოთხი კორპუსი უნდა აშენებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე, მხოლოდ ორი კორპუსის საძირკველია აშენებული.
„იაფი სახლის“ მშენებლობის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი ნათია ზოიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამა სრულყოფილად არ იყო შედგენილი, რამაც დროში გაწელვა და ხარვეზები გამოიწვია.
ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა კი სატელეფონო საუბარში განმარტეს, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა, რის შემდეგაც, პირველ რიგში, ყადაღის დადება მოხდება, ხოლო შემდეგ, საკითხი სამართლებრივი გზით მოგვარდება.
„კომპანია ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს. მასთან ხელშეკრულება გვაქვს, რომლითც ვალდებულების უზრუნველყოფას მოვითხოვთ. ყველა პროცედურას, რომელიც საბანკო გარანტიებითაა უზრუნველყოფილი, სამართლებრივად მოვითხოვთ. კომპანიას პირველ რიგში, ყადაღას დავუდებთ. ეს პროცედურა უკვე დავიწყეთ. ახლა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება გავწყვიტეთ. კომპანიის წარმომადგენლებთან კონტაქტის საშუალება რომ გვქონდეს კარგი იქნებოდა. ჩვენ მათ წერილობით მივწერეთ და პასუხს ველოდებით“, - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.
აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებას ვერც მშენებლობაზე დასაქმებული პირები ახერხებენ.