საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნეტორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატურის მოხსნასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა საკუთარი სინდისის კარნახით, მისი ჩარევის გარეშე მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თითოეული კანდიდატის გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში. ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე, საკუთარი სინდისის კარნახით. მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე როგორც, სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებას იბრძოლონ მეორე ტურში და ვუსურვებ მათ წარმატებას.
მე პატივს ვცემ ყველას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტივისტები პატივისცემით მოეკიდებიან სანდრას პირად გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, რომ მან ძალიან ბევრი იბრძოლა ამ არჩევნებში და ზუსტად ვიცი, რომ არ შეეპუება გაყალბებასა და უსამართლობას. საერთოდ არ უნდა იცნობდეთ სანდრას, რომ იგი დაადანაშაულოთ, სხვისი, თუნდაც ჩემი, თავზე მოხვეული გადაწყვეტილებებით მოქმედებაში.
დრო აჩვენებს ვინ იყო მართალი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გადალახავს ამ დროებით სიძნელეებს. ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ბოლოს და ბოლოს, 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი 8 ოქტომბერს და ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანთა რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ მოიმატებს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სანდრა რულოვსმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, დღეს განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ამავე თემაზე: სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს