რუსთავის საქალაქო სასამართლომ სოფელ ყიზილაჯლოში N48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
ექვსივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესს დაკავებულები, მათი ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბრალდების მხარე მათთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ იზიარებდა.
პროკურორ ლევან ჯალაღონიას განცხადებით, კონკრეტული პირები ცდილობენ, საქმეს პოლიტიკური ელფერი მისცენ.
მისი თქმით, დაკავებულებმა ათეულობით პოლიციელს ქვების გამოყენებით დაზიანებები მიაყენეს.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, არჩევნების დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შსს-მ ექვსი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.
დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს.