გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გენერალური მდივნის პოსტზე ანტონ გუტერეში ოფიციალურად დაამტკიცა.
შესაბამისი რეზოლუცია ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე მიიღო.
პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და გაერო-ს უმაღლესი კომისარი დევნილთა საკითხებში, ორგანიზაციის მეცხრე ხელმძღვანელი იქნება. ის მოვალეობის შესრულებას 2017 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს და პოსტს ხუთი წლით ჩაიბარებს.
ასამბლეამდე, 67 წლის გუტერეშის კანდიდატურას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუჭირა.