შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ გივი თარგამაძეზე თავდასხმაში ბრალდებულის გადაადგილების ამსახველ სათვალთვალო კამერით
გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი გლდანში, ქერჩის ქუჩიდან მიდის კონიაკის ქარხნის მიმართულებით, შემდეგ მარი ბროსეს ქუჩიდან მიემართება ათონელის ქუჩისკენ ავტომობილით და ავტომობილს აჩერებს ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღთან. შემდეგ მიემართება ფეხით სობჩაკის ქუჩისკენ, თარგამაძის მანქანას უკანა მხრიდან ჩაუვლის და ადის თაბუკაშვილის ქუჩისკენ.
„დაახლეობით, რვა წუთის შემდეგ ბრალდებული ისევ ბრუნდება სობჩაკის ქუჩაზე, გადადის ათონელის ქუჩაზე, შედის სასურსათო მაღაზიაში და მიდის ალექსანდრეს ბაღისკენ. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პარტიის ოფისიდან გივი თარგამაძე გამოდის მძღოლთან ერთად, ჯდება ავტომობილში და მიდის ათონელის ქუჩისკენ. ამ დროს სკვერიდან გამოდის ბრალდებული, მარჯვენა მხრიდან უახლოვდება თარგამაძის ავტომობილს, აკვირდება, რწმუნდება, რომ ავტომანქანაში ნამდვილად ზის თარგამაძე და რამდენიმე წამში ხდება აფეთქება“, - აცხადებენ შსს-ში.
ამასთან, უწყება ბარლდებულის ვინაობას არ ასახელებს და აცხადებს, რომ მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია.