გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.
ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროკომისრის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამჟამად, ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ინსტიტუციური განხილვები მიმდინარეობს, რომელიც ყველა იმ ქვეყანას შეეხება, ვისაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს.
„ეს არის ის, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავად ევროკავშირში და პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგი ყველას, განსაკუთრებით კი, საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით მოგვარდეს, რადგან საქართველო, მისი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროკომისარი მიჩნევს, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმის მისაღებად ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა, რაც ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში დაფიქსირდა.