ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმი იმართება, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი
პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე აღინიშნა, ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით, 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას კი, 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები შეძლებენ.
პორტი დიდი ზომის გემების მომსახურებას უზრუნველყოფს, რომელთა შემოსვლა საქართველოს უკვე არსებულ პორტებში პრობლემას წარმოადგენდა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, რომლის დასრულებაც 2020 წლისთვის იგეგმება.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური მდივნის ლევან ახვლედიანის განცხადებით, პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა, რომელმაც მთავრობასთან მოლაპარაკებები უკვე დაასრულა.
მისი თქმით, შიდა ბიუროკრატიული პროცესების დასრულების შემდეგ, საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდება.
„პროეტის განხორციელება ჩვენ უკვე დიდი ხანია დავიწყეთ. არსებობს გემი, რომელიც ანაკლიაში გეოლოგიურ კვლევებს ატარებს. უშუალოდ პორტის დაღრმავება მომავალი წლის მეორე ნახევარში დაიწყება. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება და პირველ გემებს 2020 წლისთვის მივიღებთ“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა და განმარტა, რომ გეოლოგიურ კვლევებს ჰოლანდიური კომპანია ახორციელებს.
მისივე თქმით, ადგილზე პროექტის განხორციელებას არანაირი ტექნიკური წინაღობა არ აქვს, რომლის საერთო ღირებულება 2.5 მილიარდია.
საქართველოს საზღვაო ცენტრი ბათუმში, საქართველოს ისტორიაში პირველ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის მთავარი დღეა 13 სექტემბერი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნიან.