
განხილვას ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წევრები და ტურიზმის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მამუკა ბერძენიშვილის თქმით, ბიუჯეტის გაზრდის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 5823300 ლარია.
საჯარო განხილვაზე ერთ-ერთ მთავარი პრობლემად ტურიზმის მომსახურების სფერო გამოიკვეთა.
ამ მიმართულებით შენიშვნები ჰქონდათ ტურიზმის რეგიონული მრჩეველთა საბჭოს წევრებსაც.
მამუკა ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემები მომსახურების სფეროში განათლების პრობლემას უკავშირდება.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას გაცხადდა, რომ დეპარტამენტი აგრძელებს, როგორც ძველ პროექტებს, ასევე, აპირებს ახალი გეგმების შემუშავებასაც.
2017 წლისთვის, აჭარაში ტურიზმის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის 1 346 000 ლარის, ხოლო ტურისტული პროდუქტებისა და სერვისის განვითარებისთვის 986 500 ლარის გამოყოფა იგეგმება.
თანხის ყველაზე დიდი ნაწილი 5 425 000 ლარი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე რეკლამირებისთვის დაიხარჯება.
2017 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად 7 522 500 ლარის დახარჯვა იგეგმება.
1000000 ლარით იზრდება რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხა.
2017 წლისთვის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნების რაოდენობის გაზრდას 11-დან 15 ქვეყნამდე გეგმავს. ახალ სამიზნე ქვეყნებად სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ბალტიის ქვეყნების დამატება იგეგმება.
ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტის რეგიონის რეკლამირებას 11 სამიზნე ქვეყანაში ახორციელებს (თურქეთი, ისრაელი, ბელორუსია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო).
დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით გაგრძელდება გასულ წელს დაწყებული პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და ასევე, ტრენინგები რეგიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებში დასაქმებული კადრებისთვის, რაც აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სულ აღნიშნული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 59 500 ლარი დაიხარჯება. 2017 წელს, ასევე გაგრძელდება მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის მქონე ობიექტების წახალისების პროექტიც, რომელიც ტურიზმის რეგიონული ფორუმის „მაგნოლია 2017“-ზე საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტების დაჯილდოვებას ითვალისწინებს.
2017 წელს, ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც განთავსების არარეგისტრირებული სექტორის კვლევასა და შიდა ტურიზმის კვლევას ითვალისწინებს.
2017 წლისთვის სიახლე იგეგმება ახალი პროექტის განხორციელება - რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსებისა და კვების ობიექტების აღწერა. რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 145 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
დეპარტამენტი 2017 წელს კვლავ ჩაატარებს შემოდგომისა და ფრინველების ფესტივალებს, ასევე, მონაწილეობას მიიღებს სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაში. გაზრდილი ბიუჯეტით განახორციელებს ეკო და სოფლად ტურისტული პროდუქტების განვითარებას, გააგრძელებს ტურიზმის დარგში მომსახურე პერსონალის უფასო გადამზადებას. 2017 წლისთვის, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას გეგმავს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 50 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.