პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებით,
ხათუნა ლაგაზიძეს საარჩევნო სიის ხუთეულში მოხვედრა უნდოდა.
როგორც ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რადგან აღნიშნული ადგილი ვერ მიიღო, პარტია დატოვა და ბრალდებებზე გადავიდა.
„თავად ბრალდებები მოულოდნელი იყო, სიმართლეს არ შეეფერება. ყველაფერი მოჰყვა სიას, ხათუნას არ ჰქონდა ის ადგილი, რომელიც უნდოდა. სია მე არ დამიწერია, სია შევქმენით ყველამ ერთად და ხათუნა თავადაც ესწრებოდა. სიაში კი გვყავდა, მაგრამ ის ადგილი ვერ მივეცით, რაც უნდოდა, მაგას უნდოდა ხუთეულში მოხვედრა. ადამიანი, რომელიც თავმოყვარეობას კარგავს, მერე ყველაფერზე ხელს აწერს, მერე იწყება პატივმოყვარეობა. მე ვპატიობ, ჩემი გუნდის წევრებიც პატიობენ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება ხათუნა ლაგაზიძის განცხადებას, რომ საფრთხე ემუქრება, ბურჭულაძე აცხადებს, რომ „ხათუნა ნამდვილად არის დასაცავი, მაგრამ საკუთარი თავისგან“.
პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ხათუნა ლაგაზიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მან და მისმა ოჯახმა პარტიისთვის ბევრი გააკეთა.
„ეტყობა, მხედველობაში აქვს, რომ ჩვენ როდესაც დასავლეთ საქართველოში ჩავდიოდით, მისი ოჯახის სასტუმროში ვჩერდებოდით სულ და თუ რამე ანგარიშს წარმოადგენს, სიამოვნებით გადავუხდით“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
ხათუნა ლაგაზიძემ პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მისი განცხადებით, ბურჭულაძემ საარჩევნო სია კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირთა აზრის გათვალისწინებით დააკომპლექტა.
„საზოგადოებას, განსაკუთრებით დედებს მოვუწოდებ, არ შეგაცდინოთ ამ ადამიანმა, არ ანდოთ პაატა ბურჭულაძეს თქვენი შვილების მომავალი, იმიტომ რომ მან საკუთარი სახელი გაყიდა, საკუთარი სინდისი გაყიდა და ის თქვენს შვილებს ძალიან მარტივად გაყიდის“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.